კენჭის გავლა – ანუ თირკმლის ჭვალს იწვევს შარდ-კენჭოვანი დაავადება, რომელიც ხშირად ფარულად მიმდინარეობს და შემთხვევით გამოკვლევისას ვლინდება. შარდ-კენჭოვანი დაავადება ჩივილებს იწვევს მაშინ, როდესაც კენჭი ადგილიდან იძვრის, ანუ ხდება „კენჭის გავლა“, რის შედეგადაც წელის არეში ვლინდება ტკივილი, რომელიც ძლიერდება და აუტანელი ხდება, როდესაც კენჭი საშარდე მილში იჭედება და შარდის დინებას აფერხებს.
შარდი გროვდება, იბერება თირკმელი და იწვევს აუტანელ ტკივილს, რომელიც ხშირად საზარდულისკენაც ვრცელდება. სწორედ ამ მდგომარეობას უწოდებენ „კენჭის გავლას“, ანუ თირკმლის ჭვალს.
როგორ წარმოიქმნება კენჭი თირკმელში?
თირკმელში წარმოქმნილი კრისტალები დროთა განმავლობაში შესაძლოა დაგროვდეს და მყარი, ქვის მსგავსი მასა წარმოიქმნას, ე.წ. კენჭი. სხვა ფაქტორებთან ერთად თირკმელში კენჭის წარმოქმნას ხელს უწყობს სითხის არასაკმარისი რაოდენობით მიღება, გარკვეული ტიპის მედიკამენტები, სამედიცინო მდგომარეობა, რომელიც შარდში იწვევს სპეციალური ნივთიერებების მომატებას.
ხშირად თირკმელში კენჭი ჩნდება, როდესაც შარდი კონცენტრირებულია, რის გამოც მინერალები კრისტალიზდება და ერთმანეთს ეკვრის.
თირკმელში კენჭის წარმოქმნა პირდაპირ კავშირშია ორგანიზმში საკმარისი სითხის არარსებობასთან. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი წყლის განსაზღვრული რაოდენობის მიღება.
მას შემდეგ, რაც თირკმელში კენჭი წარმოიქმნება, თქვენი სხეული მის ორგანიზმიდან განდევნას შარდის სახით ცდილობს. ეს იმას ნიშნავს, რომ ხშირად კენჭი საშარდე სისტემის გზებს გაივლის (თირკმლები, თირკმლის მილები და შარდის ბუშტი).
კენჭის გავლის სიმპტომები
თირკმლის და საშარდე გზების კენჭებს ხშირად მუცლის ღრუს ტკივილს უკავშირებენ, თუმცა შესაძლოა კენჭის არსებობა ძლიერი ტკივილით ან სიმპტომების გარეშეც მიმდინარეობდეს.
ეს ყოველივე დამოკიდებულია კენჭის მახასიათებლებზე, როგორიცაა: ზომა, ფორმა, სტრუქტურა და მდებარეობა (თირკმელში ან საშარდე გზებში).
ჩვეულებრივ, სიმპტომები მაშინ ვითარდება, როცა კენჭი:
- თირკმელში იჭედება
- შარდსაწვეთში გავლას იწყებს (მილი, რომელიც თირკმელს შარდის ბუშტთან აკავშირებს) – შარდსაწვეთი ვიწრო მილია, ამიტომ თირკმლის კენჭი მასში გავლისას ტკივილს იწვევს
- იწვევს ინფექციას
როგორი ტკივილი ახლავს კენჭის გავლას?
რაც შეეხება ძლიერ ტკივილს, ასეთ დროს კენჭის გაჭედვა საშარდე მილში აფერხებს შარდის ნორმალურ გადინებას, შესაბამისად ხდება შარდის დიდი რაოდენობით დაგროვება თირკმელში, რაც იწვევს გაუსაძლის ტკივილს წელის არეში, ტკივილი უკნიდან წინა მხარეს გადმოდის და არ ჩერდება იმ შემთხვევაშიც კი, თუ პოზიციას შეიცვლით. თირკმლის ტკივილს ხშირად ადარებენ მშობიარობის ტკივილს.
დროებითი ტკივილის დროს თირკმლის კენჭი არ არის გაჭედილი შარდსადინარში და არ ბლოკავს შარდის გადინებას, თუმცა გამოიხატება დროებითი ტკივილით წელის არეში. ასეთი ტკივილი შესაძლოა თირკმლის სხვა დაავადებებითაც იყოს გამოწვეული, ამიტომ აუცილებელია გარკვეული კვლევების ჩატარება, რათა დადგინდეს ნამდვილად კენჭია თუ არა დისკომფორტის მიზეზი.
კენჭის გავლის თანმხლები ნიშნები
კენჭის გავლას თან სდევს:
- შარდვის გახშირება
- ტკივილი შარდვის დროს
- სისხლიანი შარდი
- გულისრევა, ღებინება
- მუცლის შებერილობა
- ტემპერატურის მატება
ჩამოთვლილი სიმპტომების დროს აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმ უროლოგს, განსაკუთრებით მაშინ, თუ სხეულის ტემპერატურა აიწევს – თირკმლის კენჭის დროული დაშლა და ლიკვიდაცია კრიტიკულია.
უსიმპტომო კენჭები თირკმელში
არსებობს თირკმლის უსიმპტომო კენჭები, რომელთა არსებობაც არ გამოიხატება ტკივილით ან სხვა მახასიათებლებით, მათ არსებობას მხოლოდ გამოკვლევის დროს ვიგებთ, ასეთი კენჭები ხშირ შემთხვევაში პატარა ზომის გახლავთ. ასეთ შემთხვევაში გამოცდილ უროლოგთან ერთად უნდა შეარჩიოთ მკურნალობის ეფექტური მეთოდი, რათა თავიდან აირიდოთ შემდგომი გართულებები.
რა იწვევს თირკმლის კენჭს?
თირკმელში კენჭის წარმოქმნის ზუსტი მიზეზი დღემდე ვერ დაადგინეს. თუმცა, ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს:
- ნივთიერებათა ცვლის დარღვევები
- ინფექცია
- თირკმლებისა და საშარდე გზების ფუნქციის დარღვევები
თირკმელში კენჭები წარმოიქმნება ჩვენს ორგანიზმში არსებული ფოსფორ-კალციუმის, მჟაუნმჟავას, შარდმჟავას და იშვიათად – ამინომჟავებისაგან. მისი მიზეზია ასევე არასწორი კვება და ინფექციები. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ერთ-ერთ რისკფაქტორად ითვლება წყლის მცირე რაოდენობით მიღება და შარდის მარილებით გაჯერება. გენეტიკურ განწყობასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ნივთიერებათა ცვლის დარღვევის ზოგიერთი ფორმა, რომელიც ხელს უწყობს კენჭების წარმოქმნას, ხშირად მემკვიდრეობითია.
გარდა ამისა, თირკმელში კენჭის გაჩენის დიდი რისკია ისეთი საკვების მიღება, რომელშიც დიდი რაოდენობით არის ცხოველური ცხიმები.
კენჭის წარმოქმნის რისკ-ფაქტორები
- მემკვიდრეობა
- დეჰიდრატაცია (როცა ორგანიზმი კარგავს სითხეს)
- ჭარბწონიანობა
- საჭმლის მომნელებელი სისტემის ზოგადი დარღვევები
- ცილოვანი დიეტა
- საშარდე გზების ანთება
- საშარდე გზების დაავადებები, რომლებიც იწვევენ შარდის დინების შეფერხებას
თირკმლის კენჭის მკურნალობა
ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრში კენჭების დასაშლელად ახალი თაობის ენდოსკოპებს ვიყენებთ. პროცედურა ტარდება რენტგენ-საოპერაციოში. რენტგენის აპარატი საჭიროა ენდოსკოპის ორგანიზმში გადაადგილების კონტროლისათვის. ლაზერი კენჭებს ფხვნილად აქცევს, რომელიც შემდეგ თავისით გამოიდევნება საშარდე გზებიდან.
ექიმი უროლოგი და კენჭის დაშლის ცენტრის ხელმძღვანელი ნიკა გაგოშიძე საუბრობს შარდკენჭოვანი დაავადებების გამომწვევ მიზეზებზე, რისკ-ფაქტორებზე და მკურნალობის მეთოდებზე გადაცემაში „ოჯახის ექიმი“.
ამ მოკლე ვიდეოში გაიგებთ პასუხებს ისეთ კითხვებზე, როგორებიცაა:
- რატომ არის მამაკაცებში უფრო ხშირი შარდკენჭოვანი დაავადება, ვიდრე ქალბატონებში?
- რა მნიშვნელობა აქვს წინასწარ დიაგნოსტიკას მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრაში?
- როგორ ხდება მკურნალობის ტაქტიკის არჩევა მარჯნისებული კენჭების შემთხვევაში?
- შესაძლებელია თუ არა, რომ საშარდე გზების ინფექციამ ხელი შეუწყოს შარდკენჭოვანი დაავადების გაჩენას?
- მტკივნეულია თუ არა თანამედროვე ლითოტრიპსიის პროცესი?




