23-24 ოქტომბერს, თბილისში, საქართველოს ონკოლოგიური უროლოგიის ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა საერთაშორისო მულტიდისციპლინური
კონსენსუსის კონფერენცია „პროსტატის კიბოს თანამედროვე მართვა – გლობალური კონსენსუსი“, რომელმაც გერმანიის, შვედეთის, აზერბაიჯანის, უკრაინისა და საქართველოს წამყვანი პროფესორები, უროლოგები, ონკოლოგები, რადიოლოგები და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები გააერთიანა.
ორდღიანი სამეცნიერო ღონისძიების მთავარი მიზანი პროსტატის კიბოს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უახლესი საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომების განხილვა და საქართველოში თანამედროვე კლინიკური პრაქტიკის განვითარების ხელშეწყობა იყო.
კონფერენციის თანათავმჯდომარეები იყვნენ საქართველოს ონკოლოგიური უროლოგიის ასოციაციის პრეზიდენტი, ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრის დამფუძნებელი, პროფესორი გურამ ქარაზანაშვილი და გერმანიის მსოფლიოში ცნობილი Martini-Klinik-ის პროსტატის კიბოს ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი მარკუს გრეფენი.
საერთაშორისო სამეცნიერო შეხვედრაში მონაწილეობდნენ შვედი პროფესორი გორან ალგრენი, აზერბაიჯანელი პროფესორი სამირ ჯავად-ზადე, უკრაინელი სპეციალისტები – პროფესორი ედუარდ სტახოვსკი და სერჰი პრინდიუკი, ასევე საქართველოს სხვადასხვა წამყვანი სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლები.
ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტისა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
პროსტატის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკიდან მკურნალობის უახლეს ტექნოლოგიებამდე
კონფერენციის სამეცნიერო პროგრამა ოთხ ძირითად სესიას მოიცავდა და პროსტატის კიბოს მართვის სრულ სპექტრს აერთიანებდა – ადრეული
გამოვლენიდან და სკრინინგიდან დაავადების რთული და გავრცელებული ფორმების მკურნალობამდე.
პირველი დღის მთავარი თემები პროსტატის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკა, თანამედროვე სკრინინგის მეთოდები, აქტიური მეთვალყურეობა და ორგანოს შემანარჩუნებელი მკურნალობის შესაძლებლობები იყო.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იკროულტრაბგერა 29 MHzს- მაღალი გარჩევადობის ტექნოლოგიას, რომელიც პროსტატის კიბოს ადრეული გამოვლენისა და საეჭვო კერების მიზნობრივი ბიოფსიის ერთ-ერთი თანამედროვე მეთოდია.
პროფესორმა გურამ ქარაზანაშვილმა საერთაშორისო კოლეგებს ამ ტექნოლოგიის გამოყენების პრაქტიკული გამოცდილება გააცნო და ისაუბრა მის შესაძლებლობებზე პროსტატის კიბოს დიაგნოსტიკისა და დაავადების სტადიის შეფასების მიმართულებით.
განხილვის მნიშვნელოვანი თემა იყო ფოკალური თერაპიაც, მათ შორის Focal One® რობოტული HIFU სისტემა, რომელიც შერჩეულ პაციენტებში სიმსივნურ კერაზე ზემოქმედებისა და ჯანმრთელი ქსოვილის მაქსიმალურად შენარჩუნების შესაძლებლობას იძლევა.
საერთაშორისო ექსპერტებმა განიხილეს მკურნალობის ისეთი მიდგომებიც, რომელთა მიზანი მხოლოდ ონკოლოგიური დაავადების კონტროლი კი არა, პაციენტის ცხოვრების ხარისხის, შარდის შეკავებისა და სექსუალური ფუნქციის მაქსიმალურად შენარჩუნებაც არის.
ქართული რობოტული ქირურგიის გამოცდილება საერთაშორისო ყურადღების ცენტრში
კონფერენციის მეორე დღე რადიკალურ მკურნალობას, რობოტულ ქირურგიას, სხივურ თერაპიასა და ადგილობრივად გავრცელებული და მეტასტაზური
პროსტატის კიბოს მართვის თანამედროვე შესაძლებლობებს დაეთმო.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება საქართველოში და კავკასიის რეგიონში რობოტული ქირურგიის განვითარება იყო.
პროფესორმა გურამ ქარაზანაშვილმა მონაწილეებს საქართველოში რობოტასისტირებული რადიკალური პროსტატექტომიის დანერგვისა და განვითარების გამოცდილება წარუდგინა. მან ასევე განიხილა რთული, მაღალი რისკის პროსტატის კიბოს ქირურგიული მკურნალობის თანამედროვე მიდგომები.
გერმანელმა პროფესორმა მარკუს გრეფენმა კოლეგებს Martini-Klinik-ის გამოცდილება გაუზიარა, მათ შორის რობოტული პროსტატექტომიის სტანდარტების, ნერვების შემანარჩუნებელი ქირურგიული ტექნიკისა და ოპერაციის შემდგომი ფუნქციური აღდგენის მიმართულებით.
მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო მულტიდისციპლინურ მკურნალობასაც – როგორ უნდა შეირჩეს კონკრეტული პაციენტისთვის ქირურგიული, სხივური და სისტემური თერაპიის ოპტიმალური კომბინაცია დაავადების სტადიის, რისკისა და ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით.
კონფერენციის ფარგლებში ქართველმა და უცხოელმა სპეციალისტებმა კლინიკური შემთხვევები განიხილეს და პროფესიულ დისკუსიებში იმსჯელეს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე სტანდარტების პრაქტიკაში გამოყენების შესახებ.
საერთაშორისო გამოცდილება ქართული მედიცინის განვითარებისთვის
კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება სხვადასხვა სამედიცინო სპეციალობისა და საერთაშორისო გამოცდილების მქონე ექსპერტების ერთ
სივრცეში გაერთიანება იყო.
თანამედროვე ონკოუროლოგიაში პროსტატის კიბოს ეფექტიანი მართვა მხოლოდ ერთი სპეციალისტის გადაწყვეტილებას აღარ ეფუძნება. დაავადების დროული გამოვლენა, მკურნალობის ინდივიდუალური სტრატეგიის განსაზღვრა და პაციენტის ცხოვრების ხარისხის შენარჩუნება უროლოგების, ონკოლოგების, რადიოლოგების, პათოლოგებისა და სხვა სპეციალისტების მჭიდრო თანამშრომლობას მოითხოვს.
სწორედ ამ მულტიდისციპლინური მიდგომის მნიშვნელობა გამოიკვეთა ორდღიანი სამეცნიერო შეხვედრის განმავლობაში.
მსგავსი საერთაშორისო ღონისძიებები ხელს უწყობს საქართველოში თანამედროვე სამედიცინო ცოდნის გავრცელებას, პროფესიული თანამშრომლობის გაღრმავებასა და საერთაშორისო სტანდარტების ქართულ კლინიკურ პრაქტიკაში დანერგვას.
23-24 ოქტომბერს თბილისში გამართულმა კონფერენციამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა საქართველოს შესაძლებლობები, იყოს საერთაშორისო პროფესიული დიალოგისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელოვანი სივრცე თანამედროვე ონკოუროლოგიის მიმართულებით.
კონფერენცია დასრულდა პროფესიული დისკუსიებითა და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვით, რაც პროსტატის კიბოს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შემდგომი განვითარების მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის.




