შარდში სისხლის შემცველობას სამედიცინო ენაზე ჰემატურიას უწოდებენ. თუ შარდში სისხლის შემჩნევა შეუიარაღებელი თვალითაც შესაძლებელია, ამას „მაკროსკოპულ“ ან „ხილვად ჰემატურიას“ უწოდებენ, ხოლო თუ შარდში სისხლის აღმოჩენა მხოლოდ ლაბორატორიული გამოკვლევების შემდეგაა შესაძლებელი, ამას „მიკროსკოპულ“ ან „უხილავ ჰემატურიას“ უწოდებენ.
ეს არის სიმპტომი და არა დაავადება, რადგან შარდში სისხლის გამოჩენის მიზეზი სხვადასხვა რამ შეიძლება იყოს.
ჰემატურიის სახეები
გამოყოფენ ჰემატურიის შემდეგ ფორმებს: ექსტრარენულს – როდესაც შარდში სისხლი ჩნდება არა თირკმელისა და შარდგამომყოფი სისტემის დაავადების ან ტრავმის გამო;
რენულს – რომელიც განპირობებულია უშუალოდ თირკმლის პათოლოგიით;
პოსტრენულს – როდესაც შარდში სისხლის გამოჩენის მიზეზი შარდის ბუშტის ან შარდგამომტანი გზების დაავადებებია.
განვითარების დონის მიხედვით განასხვავებენ: ტერმინალურ ჰემატურიას – როდესაც სისხლი შარდის ბოლო ულუფაში ვლინდება;
ინიციალურ ჰემატურიას – როდესაც სისხლის აღმოჩენა, მხოლოდ შარდის პირველ ულუფაში ხდება;
ტოტალურ ჰემატურიას – როდესაც გამოყოფილი შარდის მთელი ულუფა წითელ ან ვარდისფერშია შეღებილი.
სისხლიანი შარდის მიზეზები
შარდში სისხლი საშარდე გზებიდან უნდა მოხვდეს, კერძოდ თირკმლებიდან, შარდის ბუშტიდან ან საშარდე მილებიდან, რომლებიც შარდს ატარებენ.
შარდში სისხლის არსებობა თირკმელებისა და საზოგადოდ, შარდგამომყოფი სისტემის პათოლოგიის მანიშნებელია. ჩვეულებრივ, აღნიშნული სისტემის დაავადებათა განვითარების ან არსებული პათოლოგიის პროგრესირების კვალად ვლინდება. ჰემატურიას ყველაზე ხშირად განაპირობებს:
- თირკმელებში ან შარდგამომყოფ სისტემაში სიმსივნის არსებობა (როგორც ავთვისებიანის, ასევე კეთილთვისებიანის);
- შარდსაწვეთში კენჭის გადადგილება;
- ანთებითი პროცესი თირკმელში (პიელონეფრიტი, გლომერულონეფრიტი);
- ვირუსული ინფექციის პროგრესირება;
- ზოგიერთი მედიკამენტის ხანგრძლივად მიღება;
- ურეთრაში (შარდსადინარში) უცხო სხეულის მოხვედრა;
- შარდის ბუშტის ანთება (ცისტიტი).
ზემოაღნიშნული მიზეზების გარდა, ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლიანი შარდი. ზოგიერთი ანტიბიოტიკი, სისხლის გამათხელებელი და კიბოს საწინააღმდეგო საშუალება შეიძლება გახდეს ჰემატურიის მიზეზი. ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს მედიკამენტის ან დოზის შეცვლა შემდგომი სისხლდენის თავიდან ასაცილებლად.
ჰემატურია ასევე ვითარდება სისხლის დაავადებათა ფონზე და შეიძლება იმუნური სისტემის მუშაობის სერიოზულ დარღვევათა მანიშნებელი იყოს.
ხშირი მიზეზები და მათი თანმხლები სიმპტომები
სისხლიანი შარდის გამომწვევი მიზეზებია:
- შარდის ბუშტის ინფექციები (როგორიცაა ცისტიტი) – რომელიც მოშარდვისას წვის შეგრძნებას იწვევს;
- თირკმლის ინფექცია – რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს მაღალი ტემპერატურა და მუცლის გვერდითა არეში ტკივილი;
- თირკმლის კენჭები – შესაძლოა თირკმლიდან გამომავალი ერთ-ერთი მილი დაახშოს და მუცლის ძლიერი ტკივილი გამოიწვიოს;
- შარდსადენის ანთება (ურეთრიტი) – ხშირად სქესობრივი გზით გადამდები ინფექციითაა გამოწვეული (როგორიცაა მაგალითად ქლამიდია);
- გადიდებული პროსტატის ჯირკვალი – ხანში შესულ მამაკაცებში გავრცელებული მდგომარეობაა, თუმცა ამ პათოლოგიას პროსტატის სიმსივნესთან არაფერი აკავშირებს; გადიდებული პროსტატის ჯირკვალი შარდის ბუშტს აწვება, რაც შარდვის გაძნელებას და გახშირებას იწვევს;
- შარდის ბუშტის სიმსივნე – პროსტატის სიმსივნის მსგავსად უმეტესად 50 წელს გადაცილებულ მამაკაცებში გვხვდება. შეიძლება ახასიათებდეს გახშირებული შარდვის სურვილი, რომელსაც ახლავს ტკივილი;
- თირკმლის სიმსივნე – ეს ასევე 50 წელს გადაცილებულ პაციენტებს ემართებათ და შეიძლება ახასიათებდეს ნეკნების ქვემოთ მუდმივი ტკივილი, აგრეთვე გამონაზარდი მუცელში;
- პროსტატის სიმსივნე – ჩვეულებრივ, უმეტესად 50 წელს გადაცილებულ მამაკაცებს ემართებათ. სხვა სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს შარდვის გახშირებულ და გაძლიერებულ მოთხოვნილებას და შარდის ბუშტის დაცლის გაძნელებას.
შარდის წითლად შეფერვა სისხლის გარეშე
შარდის წითლად შეფერვა შესაძლოა გარკვეული საკვების (მაგ: ჭარხალი) ან მედიკამენტების (მაგ: ანტიბიოტიკები სახელად ნიტროფურანტოინი ან რიფამპიცინი) მიღებამაც გამოიწვიოს და ცრუ განგაშის საწინდარი გახდეს.
სისხლიანი შარდის დიაგნოსტიკა
ჰემატურიის დროს პაციენტებს უტარდებათ სრულფასოვანი გამოკვლევა – გამომწვევი მიზეზის დასადგენად, შესაბამის ღონისძიებათა გასატარებლად და საჭირო მკურნალობის ჩასატარებლად.
დიაგნოსტიკის ფარგლებში ინიშნება: შარდის საერთო ანალიზი;
შარდის ანალიზი ნეჩიპორენკოს მიხედვით;
სისხლის საერთო კლინიკური ანალიზი;
თირკმელებისა და შარდგამომყოფი სისტემის ულტრაბგერითი გამოკვლევა;
მამაკაცებთან პროსტატის (წინამდებარე ჯირკვლის) ულტრაბგერითი გამოკვლევა;
მუცლის ღრუს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია;
ცისტოსკოპია – შარდის ბუშტის ენდოსკოპიური გამოკვლევა.
ენდოსკოპიური დიაგნოსტიკა და მკურნალობა
პროფესორ გურამ ქარაზანაშვილის უროლოგიურ ჰაბში, შარდის ბუშტის კიბოს „უსისხლო“, ულტრათანამედროვე ენდოსკოპიური დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უახლესი მეთოდიკა მოიცავს:
- სტანდარტული მეთოდებით უხილავი სიმსივნური კერების აღმოჩენას სპეციალური განათებით, NBI რეჟიმის გამოყენებით
- სიმსივნური წარმონაქმნის ერთ ბლოკად, დაჭრის გარეშე, ლიკვიდაციას
- სხეულზე განაკვეთი აღარ არის საჭირო
როდის მივმართოთ ექიმს
სპეციალისტთან ვიზიტი აუცილებელია:
- თუ 40 წელს გადაცილებული ხართ და საშარდე გზების ინფექციები და სისხლიანი შარდვა ხშირად გაწუხებთ;
- 50 წელს გადაცილებული თუ ხართ და გამოკვლევისას შარდში აღმოჩნდა სისხლი, რომელიც არ ჩანდა შეუიარაღებელი თვალით;
- იმ შემთხვევაში თუ მუცლის არეში მასა (სავარაუდოდ სიმსივნური წარმონაქმნი) აღმოგაჩნდათ;
- თუ შარდის ანალიზის გამოკვლევით უხილავი ჰემატურია დაგიდგინდათ, განსაკუთრებით თუ შარდი ცილასაც შეიცავს.
სისხლიანი შარდი ამა თუ იმ პათოლოგიის პროგრესირების მანიშნებელია. სისხლიანი შარდი მეტად სერიოზული სიმპტომია, რომელიც დაუყოვნებლივ საჭიროებს გამომწვევი მიზეზის დადგენასა და შესაბამის რაციონალურ მკურნალობას, ამიტომაც აუცილებლად მიმართეთ ექიმს!




