„ქალებში შარდის შეუკავებლობა არის ერთ-ერთი ხშირი პრობლემა, იმდენად ხშირი, რომ ქალების დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ ეს არის ნორმალური, გარკვეული ასაკის ან კონდიციების შემთხვევაში“, – გურამ ქარაზანაშვილი.
შარდის შეუკავებლობა დამთრგუნველ გავლენას ახდენს ქალებზე. იწვევს დეპრესიას და ნევროზს. ამ პრობლემის გამო ბევრი თავს არიდებს საზოგადოებაში ყოფნას.
შარდის გაჟონვა, სისველის შეგრძნება ადამიანს უმალ უფუჭებს განწყობას. შარდის უნებლიე გამოყოფისთვის მცირედი დაძაბულობაც საკმარისია: სიცილი, ხველა, სიმძიმის აწევა, უხეში მოძრაობა, ზოგჯერ სიარულიც კი.
ამგვარად, პრობლემა მეტად სერიოზულია, თუმცა, შესაძლოა პრობლემა ადვილად გადაიჭრას სპეციალისტთა დახმარებით. ამ დროს ექიმი სპეციალისტები პრობლემის მთავარ მიზეზს, ხელშემწყობ დაავადებას გამოავლენენ ხოლმე.
რისი ბრალია შარდის შეუკავებლობა ქალებში?
შარდის შეუკავებლობას, როგორც წესი, სფინქტერის მოდუნება, მისი სტრუქტურის რღვევა იწვევს. ეს კი თავის მხრივ, სასქესო ორგანოების დაწევის ან გამოვარდნის შედეგია.
ასეთი რამ ყველაზე ხშირად იმ ქალებს ემართებათ, რომლებმაც მრავალჯერ იმშობიარეს ან კიდევ მძიმე მშობიარობა გადაიტანეს
(იგულისხმება დიდი ნაყოფის დაბადება, ნახეთქები, ჩახევები და სხვა).
სასქესო ორგანოების დაწევა ემუქრებათ იმ ქალებსაც, რომელთა სამუშაო დიდ ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს, ან რომლებიც სპორტის მძიმე სახეობებს მისდევენ.
შარდის შეუკავებლობა ქალებში ხშირად კლიმაქსურ პერიოდში იჩენს თავს. დაავადებამ შესაძლოა იჩინოს თავი მაშინ, როცა ორგანიზმში ესტროგენებისა და სხვა სასქესო ჰორმონების რაოდენობა იკლებს, მენჯის ფუძისა და შორისის კუნთები დუნდება და მხოლოდ სასქესო ორგანოები კი არა, ზოგჯერ შარდის ბუშტიც იწევს დაბლა. ასეთ დროს სფინქტერი ვეღარ აკავებს მოწოლილ შარდს. პათოლოგიის განვითარებას ზოგჯერ საშარდე გზების ანთებითი პროცესებიც ახლავს.
შარდის შეუკავებლობის პროფილაქტიკა
ყოველივე ამის არიდება შეიძლება დროული პროფილაქტიკით – მუცლის პრესის, მენჯის ფუძისა და შორისის კუნთების გამაგრებისათვის განკუთვნილი სპეციალური ვარჯიშებით. ვარჯიშები უნდა ჩატარდეს სისტემატიურად.
შარდის შეუკავებლობის მკურნალობა
პრობლემის არსებობის შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან ვიზიტი. სათანადო მკურნალობის დანიშვნა მხოლოდ სპეციალური გინეკოლოგიური და უროლოგიური გამოკვლევების საფუძველზე ხდება.
მკურნალობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ტიპის შარდის შეუკავებლობაა: ურგენტული შეუკავებლობა, შარდის გამოჟონვა შარდზე გასვლის უძლიერესი სურვილის გამო. იკურნება მედიკამენტოზურად. სტრეს-შეუკავებლობა, შარდის გამოჟონვა სიმძიმის აწევისას, ხველებისას, ფიზიკური შრომისას. იკურნება რობოტული ლაპაროსკოპიით; ასევე „ტივიტით“ მინიმალურ-ინვაზიური ქირურგიული ჩარევით. შარდოვანი ფისტულები, შარდის მუდმივი უნებლიე ჟონვა. არც თუ ისე იშვიათად წარმოადგენს გართულებას გინეკოლოგიური ოპერაციების შემდგომ. იკურნება რობოტული ლაპაროსკოპიით.




