PSA: პროსტატის სპეციფიკური მარკერი მრავალი ფუნქციით
PSA (პი-ეს-ეი იგივე პროსტატის სპეციფიკური ანტიგენი) გოგირდოვანი პროტეაზაა. ის პროსტატის (წინამდებარე ჯირკვლის) უჯრედების მიერ გამომუშავდება (პროდუცირდება) და სათესლე სითხეში გამოიყოფა (სეკრეტირდება).
ამ ცილის ძირითადი ფუნქცია სათესლე სითხის გათხევადებაა; რომ არა PSA, სათესლე სითხეს სქელი გელის კონსისტენცია ექნებოდა.
წინამდებარე ჯირკვლის ქსოვილთა ნორმალური არქიტექტონიკის პირობებში PSA სისტემურ ცირკულაციაში უმნიშვნელო რაოდენობით ხვდება. სისხლში ის, ჩვეულებრივ, ორი ფორმით არსებობს. არსებობს თავისუფალი (5-35 %) და პროტეაზას ინჰიბიტორებთან შეკავშირებული სახით. (65-95 %).
პროსტატის ქსოვილთა სტრუქტურული რღვევის შედეგად სისხლში დიდი რაოდენობით ხვდება ანუ სისხლში მისი დონე მატულობს. ამგვარად, ეს ცილა, რეალურად, არა ონკოლოგიური, არამედ პროსტატსპეციფიკური მარკერია.
მისი დონე სისხლში შეიძლება გაიზარდოს როგორც პროსტატის ავთვისებიანი სიმსივნეების, ასევე კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიისა და ინფექციური გენეზის ანთებითი პროცესების დროს. PSA შემცველობა სისხლში იზრდება წინამდებარე ჯირკვალზე გარკვეული მანიპულაციების შემდეგაც. მაგალითად, მასაჟის, ბიოფსიის, პროსტატის ტრანსურეთრული რეზექციის და სხვა ჩარევების დროს.
პროსტატის ავთვისებიანი სიმსივნის დროს აღნიშნული პროსტატის ანტიგენის კონცენტრაცია სისხლში იმატებს. იმატებს წინამდებარე ჯირკვლის არქიტექტონიკის რღვევისა და სისხლძარღვთა განვლადობის მომატების გამო და არა მისი გამომუშავების ზრდის ხარჯზე. რეალურად სიმსივნური უჯრედები პროსტატის ჯანმრთელ უჯრედებთან შედარებით გაცილებით ნაკლებ PSA გამოიმუშავებენ.
ცოტა რამ ისტორიიდან
დაახლოებით ნახევარი საუკუნის წინ მეცნიერები ეძებდნენ მარკერებს, რომლებიც გამოადგებოდათ სექსუალური ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებული სასამართლო პროცესების მსვლელობისას.
სხვები დაინტერესებულნი იყვნენ ისეთი ანტიგენების მოძიებით, რომლებიც დაკავშირებული იქნებოდა მამაკაცთა ინფერტილობასთან.
იყვნენ ისეთი მკვლევარებიც, რომლებსაც წინამდებარე ჯირკვლის ქსოვილთა კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი ცვლილებების მარკერთა აღმოჩენა ჰქონდათ მიზნად დასახული.
ასეა თუ ისე, ყველაფერი ერთ შედეგამდე მივიდა, გასული საუკუნის 80-იანი წლებისთვის მეცნიერთა დაახლოებით 10 ჯგუფი ერთად “შეეჯახა” PSA. ყველა მეცნიერს ნივთიერების მისეული სახელწოდება ჰქონდა.
საბოლოოდ ანტიგენის დასახელების განსაზღვრა წილად ხვდა რიჩარდ აბლინს, რომელიც ჯანმრთელ და სიმსივნით დაავადებულ პროსტატებს იკვლევდა.
“პროსტატის დაწმენდილი ანტიგენის” აღმოჩენასა და იდენტიფიკაციაზე პატენტი მიიღო ჩუ მინმა 1984 წელს. ამ უკანასკნელმა კოლეგებთან ერთად არა ერთი კვლევა ჩაატარა იმის დასადასტურებლად, რომ PSA გამოყენება შეიძლება სხვადასხვა სადიაგნოსტიკო მიზნით. სწორედ ამ შრომებისათვის ჩუ მინმა მოგვიანებით არა ერთი ჯილდო მიიღო – ამერიკის უროლოგთა ასოციაციისგან. ასევე უროლოგიურ დაავადებათა ამერიკული ფონდისა და სხვა სამედიცინო-სამეცნიერო თუ პროფესიონალური საზოგადოებებისგან.
PSA – პროსტატის სფეციფიკური ანტიგენი – რაზეა დამოკიდებული მისი დონე?

პროსტატის ავთვისებიანი სიმსივნის არსებობის რისკი პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის დონეზე დამოკიდებულებით ვარირებს. ამის გამო წამოიჭრა საკითხი – პსა-ს რომელი კონცენტრაცია ჩაითვალოს ზღურბლად, ანუ მის რომელ მაჩვენებელზე (დონეზე) მიეცეს პაციენტს ბიოფსიის რეკომენდაცია.
იმის გათვალისწინებით, რომ 40 წელს გადაცილებული ჯანმრთელი მამაკაცების 97 %-ს PSA –ის <4,0 ნგ/მლ დონე აღენიშნებოდა, ეს კონცენტრაცია XX საუკუნის 90 –იან წლებში ზღურბლოვან მაჩვენებლად მიიჩნიეს. თუმცა ევროპის უროლოგთა ასოციაციის უკანასკნელი რეკომენდაციებით შეიცვალა პსა-ს ნორმალური მაჩვენებლების ზღურბლოვანი სიდიდე. ახლა, როდესაც გვაქვს მიკრო-ექოსკოპია და თარგეთული “ფიუჟენ” ბიოფსიები, პსა-ს მაჩვენებელი ითვლება ნორმად, თუკი იგი არ აღემატება 2 ნგ/მლ-ს . მაშასადამე, პსა იქნება ნორმის ფარგლებში და არ იქნება ეჭვი პროსტატის კიბოზე.თუმცა უნა აღინიშნოს, რომ თუკი პსა-ს მაჩვენებელი აღემატება 2ნგ/მლ-ს, ეს არ ნიშნავს ავტომატურად პროსტატის კიბოს ან პროსტატის ბიოფსიის განხორცილებლის აუცილებლობას; თითოეული მნიშვნელობა უნდა იქნას გათვალისწინებული შესაბამის კლინიკურ კონტექსტში.
ასაკთან ერთად აღნიშნული მარკერის კონცენტრაცია სისხლში მატულობს, რაც შესაძლოა დაკავშირებული იყოს პროსტატის კეთილთვისებიანი ასაკობრივი ჰიპერპლაზიით.
პროსტატის უჯრედების მიერ PSA გამომუშავებაზე გავლენას ახდენს ანდროგენები (მამაკაცის სასქესო ჰორმონები). პაციენტებს, რომლებიც ერთი წლის განმავლობაში მკურნალობენ 5-ალფა-რედუქტაზას ინჰიბიტორებით, სისხლში პსა-ს დონე 50 % -ით უქვეითდებათ.
სპეციფიკური ანტიგენის დონეზე ასევე გავლენას ახდენს რასობრივი წარმომადგენლობა, ასაკი, სხეულის მასის ინდექსი და სხვა ფაქტორები.
მაგალითად, ევროპეიდული რასის წარმომადგენლებთან შედარებით ნეგროიდული რასის წარმომადგენლებს PSA ბევრად უფრო მაღალი დონე აქვთ სისხლში.
სიმსუქნით დაავადებულებს PSA კონცენტრაცია დაქვეითებული აქვთ, რაც სავარაუდოდ ესტროგენების დონის მომატებითაა განპირობებული.
2011 წელს კი გაჩნდა ახალი მონაცემები და მიდგომები PSA სკრინიგის აუცილებლობის საკითხთან დაკავშირებით.
ამერიკის უროლოგთა ასოციაციაციის გადაწყვეტილებით, უროლოგებმა აუცილებლად უნდა გადახედონ პსა-ს სკრინინგის აუცილებლობისა და საზოგადოდ, პროსტატის ავთვისებიანი სიმსივნის მკურნალობის საკითხებს.




