თირკმლის ტკივილი – თუ ტკივილს წელის ზედა არეში გრძნობთ, შესაძლოა ამის მიზეზი თირკმელი იყოს. თირკმელი ლობიოს ფორმის წყვილი ორგანოა და წელის მიდამოში, მდებარეობს. მარცხენა თირკმელი მარჯვენასთან შედარებით გრძელია. თირკმელი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოა, რომელიც ორგანიზმიდან გამოდევნის ზედმეტ სითხეს და პასუხისმგებელია სისხლის ფილტრაციაზე, ორგანიზმში სითხეებისა და ელექტროლიტების სწორი ბალანსის შენარჩუნებაზე.
თირკმლის ტკივილი მიგვანიშნებს გარკვეულ დაავადებებზე. ტკივილის გამომწვევი რამდენიმე მიზეზი არსებობს:
- საშარდე გზების ინფექცია
- თირკმლის ინფექცია
- თირკმლის პოლიკისტოზი (თრკმლის კისტები)
- სისხლის შედედება თირკმელში
- სისხლდენა თირკმელში
- თირკმლის ვენების თრომბოზი
- თირკმლის კენჭები
- პიელონეფრიტი
საშარდე გზების ინფექცია – საშარდე გზების ინფექცია წარმოადგენს თირკმელების, შარდის ბუშტის ან შარდსადენი მილის ინფექციურ დაავადებას. დაავადების ყველაზე გავრცელებულ ტიპს წარმოადგენს ინფექციური ცისტიტი, რომელიც გამოწვეულია შარდის ბუშტის ბაქტერიული ინფიცირებით.
თირკმლის ინფექცია – თირკმლის ინფექციის მიზეზი შესაძლოა იყოს თირკმლის კენჭი ან საშარდე სისტემის სტრუქტურული ანომალია. დარღვეული დრენირება და შარდის პასაჟის ბლოკირება შესაძლებელს ხდის თირკმელში ბაქტერიების შეღწევას, ხოლო შარდის მეშვეობით მათი მოცილება ვეღარ ხერხდება. შარდის დინების ნებისმიერი დარღვევა შესაძლოა ინფექციური პროცესის აღმოცენებისა და საშარდე გზების სხვა ნაწილებში მისი გავრცელების მიზეზი გახდეს.
თირკმლის კისტა – ორგანოს ფუნქციის დარღვევის ერთ-ერთი მიზეზია. მისი აღმოჩენა ხშირად სრულიად შემთხვევით ხდება, ექოსკოპიური გამოკვლევისას. კისტა საზოგადოდ სითხით სავსე ღრუს შემცველი კეთილთვისებიანი წარმონაქმნია.
თირკმლის კენჭები – თირკმელში წარმოქმინილი კრისტალები, დროთა განმავლობაში შესაძლოა დაგროვდეს, შეერთდეს და მყარი, ქვის მსგავსი მასა წარმოიქმნას, ე.წ კენჭი. სხვა ფაქტორებთან ერთად თირკმელში კენჭის წარმოქმნას ხელს უწყობს სითხის არასაკმარისი რაოდენობით მიღება, გენეტიკური ფაქტორები, გარკვეული ტიპის მედიკამენტები, შარდმჟავას რაოდენობის მომატება სისხლში და სხვა.
მას შედეგ, რაც თირკმელში კენჭი წარმოიქმნება, თქვენი ორგანიზმი მის განდევნას ცდილობს.
ეს იმას ნიშნავს, რომ ხშირად კენჭი საშარდე სისტემის გზებს გაივლის (თირკმლები, შარსაწვეთები, შარდის ბუშტი, შარდსადინარი).
შარდ-კენჭოვანი დაავადება ჩივილებს იწვევს მაშინ , როდესაც კენჭი ადგილიდან იძვრის, ანუ ხდება “კენჭის გავლა” რის შედეგადაც წელის არეში ვლინდება ტკივილი ე.წ. თირკმლის ჭვალი. ის განსაკუთრებით ძლიერდება და აუტანელი ხდება მაშინ როდესაც კენჭი შარდსაწვეთში იჭედება და შარდის დინებას აფერხებს. თირკმლის ჭვალი ზოგჯერ ისეთი ძლიერი ტკივილით ვლინდება, რომ მას ხშირად მშობიარობის ტკივილსაც ადარებენ.
პიელონეფრიტი – ექიმები ერთხმად აღნიშნავენ, რომ პიელონეფრიტი თირკმელების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პათოლოგიაა. ეს გახლავთ ინფექციური გენეზის დაავადება, რომელიც ადამიანის ერთ-ერთ უმთავრეს ორგანოს – თირკმელს აზიანებს. დაავადება ნებისმიერი ასაკისა და ორივე სქესის ადამიანს შეიძლება დაემართოს, თუმცა, სპეციალისტების აზრით, უმეტესად 7 წლამდე ასაკის ბავშვებს შორის გვხვდება.
თირკმლის მიზეზით გამოწვეული ტკივილი შეიძლება გავრცელდეს სხეულის სხვა მიდამოებშიც. მათ შორისაა ზურგის ქვედა მხარე, დუნდულები, თეძოები და მუცელი. როგორც უკვე ვთქვით თირკმელი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ერთ-ერთი აუცილებელი ორგანოა, ამიტომ მსგავსი ტკივილების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი გთავაზობთ, თირკმლის დაავადებების მკურნალობას მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი მეთოდებით
დაგვიკავშირდით: ☎ ტელ.: 0322 23 40 23 ✉ ელფოსტა: [email protected]




