ურეთრის სტრიქტურა ანუ შარდსადენი მილის შევიწროება ორივე სქესის წარმომადგენელთა პრობლემაა. უფრო ხშირად გვხვდება მამაკაცებთან, რადგან მათი შარდსადენი მილი ანატომიურად უფრო გრძელი და ვიწროა. ქალების ურეთრა უფრო მოკლე და ფართოა. შარდსადენი მილის შევიწროების მიზეზი ქალებთან მძიმე მშობიარობა და სხვადასხვა სახის ტრავმა შეიძლება იყოს.
რატომ ვითარდება ურეთრის სტრიქტურა?
არსებობს პათოლოგიის თანდაყოლილი და შეძენილი მიზეზები. მთავარი როლი მაინც ანთებით დაავადებებს (სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების დროს) და ტრავმებს მიუძღვით.
შარდსადენი მილის ნებისმიერი ანთება მის გამკვრივებას, შეშუპებასა და ქსოვილთა გაზრდა-გასქელებას იწვევს.
თუ ანთებით პროცესს დროზე უმკურნალებენ და თანაც სრულფასოვნად, შევიწროება შესაძლოა არ განვითარდეს. შორსწასული, ე.წ. მიშვებული შემთხვევები კი ხშირად მთავრდება ურეთრის სტრიქტურით. ძალზედ საშიშია მენჯის ძვლების დამაზიანებელი ტრავმებიც. ასეთი მოტეხილობების დროს ურეთრა ზოგჯერ სკდება, მისი შეხორცებისას უხშირესად ნაწიბური ვითარდება, შედეგად კი შევიწროება მიიღება. შორისის არეზე დაცემა ასევე ხშირად ნაწიბურის ფორმირებით სრულდება.
ურეთრის შევიწროების მანიშნებელია:
- შარდის წვრილი და დუნე ნაკადი;
- გაძნელებული, წყვეტილი შარდვა;
- ჭინთვა, ზოგჯერ ტკივილი;
- შარდის ბუშტში ნარჩენი შარდის გაჩენა;
- თირკმლის ფუნქციის დარღვევა;
- სქესობრივი ფუნქციის დარღვევა და დეპრესია.
ურეთრის სტრიქტურა იკურნება ოპერაციით
სტრიქტურის მკურნალობამდე საჭიროა სრულფასოვანი დიაგნოსტიკა. შევიწროების ზუსტი ლოკალიზაციის გარკვევა მეზობელ ქსოვილთა ჩართვის ხარისხის განსაზღვრა, თირკმლის ფუნქციისა და ეაკულატის გამოყოფის დარღვევათა დადგენა. ყოველივე ამის გათვალისწინებით და სტრიქტურის (შევიწროების) გავრცელების ხარისხზე დამოკიდებულებით ხდება ოპერაციული მკურნალობის მეთოდის შერჩევა.
ურეთრის სტრიქტურის თანამედროვე მკურნალობა 3 სახის ჩარევას მოიცავს:
- 2 სმ-მდე შევიწროებისას, შევიწროებულ უბანს კვეთენ და შარდსადენი მილის ჯანსაღ ნაწილებს ერთმანეთს აკერებენ;
- დიდი სტრიქტურის არსებობის ანუ შევიწროების დიდ მანძილზე გავრცელების შემთხვევაში,ტარდება პლასტიკა. მილის შევიწროებულ ნაწილს კვეთენ, მისი სანათურის ფორმირებას კი ლოყის ლოწოვანიდან ან ჩუჩის ქსოვილებიდან ახორციელებენ. ამ ოპერაციას ყველა ქირურგი ვერ ასრულებს, ის ვირტუოზული უნარ-ჩვევების ფლობას მოითხოვს ოპერატორისგან.
- ენდოსკოპიური ოპერაციები – ურეთრის სანათურში შეჰყავთ სპეციალური ინსტრუმენტი, რომლითაც შევიწროებულ უბანს სერავენ. ჭრილობის ზედაპირზე ამაგრებენ კათეტერს სრულ შეხორცებამდე. ეს ოპერაცია ბევრად ნაკლებტრავმულია, ის უფრო ადვილად გადააქვთ პაციენტებს. ამ ტიპის ჩარევას ყოველთვის მიმართავენ, როცა კი შარდსადენი მილის შევიწროების ხარისხი ამის საშუალებას იძლევა.
ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი გთავაზობთ საშარდე გზების დაავადებათა მკურნალობას მსოფლიო მედიცინის სტანდარტების შესაბამისი მეთოდებით.
დაგვიკავშირდით:
☎ ტელ.: 0322 23 40 23
✉ ელფოსტა: [email protected]




