პროსტატიტი მამაკაცის წინამდებარე ჯირკვლის ანთებაა. წინამდებარე ჯირკვალი, პროსტატა, უზრუნველყოფს სპერმის გათხევადებას, ხელს უწყობს განაყოფიერების პროცესს, მონაწილეობს შარდვის აქტსა და ეაკულაციის – თესლდანთხევის – პროცესში. პროსტატას აქვს ჰორმონული ფუნქციაც, რომელსაც ამჟამად იკვლევენ.
რა იწვევს პროსტატიტს?
პროსტატიტს იწვევს:
- სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები: ქლამიდია, ურეაპლაზმა, მიკოპლაზმა, ჰერპესის ვირუსი, ციტომეგალოვირუსი, ტრიქომონადა, გონოკოკი, კანდიდას გვარის სოკო, ასევე – ნაწლავის ჩხირი, რომელთაც შეუძლიათ ურეთრის დაზიანება და პროსტატის ქსოვილში გადასვლა;
- მცირე მენჯის ორგანოებში სისხლის მიმოქცევის დარღვევა, მჯდომარე ცხოვრების წესი (მძღოლები, ოფისის მუშაკები), სქესობრივი ცხოვრებისგან ხანგრძლივი თავშეკავება;
- ხშირი გადაცივება (დაივინგი, სერფინგი, ბაიდარა, სამთო-სათხილამურო სპორტი), შეკრულობა;
- სხვადასხვა ორგანოს ანთებითი და ჩირქოვანი დაავადებები (მათ შორის – ანგინა, ქრონიკული ბრონქიტი, გრიპი, ტუბერკულოზი, პნევმონია, კარბუნკული, ფურუნკული);
- შორისის ქრონიკული ტრავმა (ველოსიპედისტები, მოტოციკლისტები, ავტომობილისტები), თუმცა, სპეციალისტების აზრით, ეს ფაქტორი იმდენად პროსტატიტის განვითარების მიზეზი არ არის, რამდენადაც ხელს უწყობს ლატენტურად (ფარულად) და შეუმჩნეველი სიმპტომებით მიმდინარე ინფექციური პროცესის გამოვლენას;
- დაბოლოს, იმუნური სისტემის დათრგუნულობა, სტრესი, ფსიქიკური და ფიზიკური გადატვირთვა, უხარისხო (არაბალანსირებული) კვება.
ინფექცია შეიძლება გავრცელდეს სისხლის გზითაც (ე.წ. ჰემატოგენურად) ორგანიზმში არსებული ანთების რომელიმე კერიდან და შარდსადინარიდანაც აღმავალი გზით.
ვირუსული პროსტატიტი
ცალკე უნდა შევეხოთ ვირუსულ პროსტატიტებს, რომლებსაც ჰერპესვირუსი, ციტომეგალოვირუსი, პაპილომავირუსი იწვევს.
ამ ტიპის პროსტატიტები განსაკუთრებით საყურადღებოა, რადგან ვირუსის აღმოჩენა შესაძლებელია მხოლოდ სპერმის ან სეკრეტის ლაბორატორიული გამოკვლევით. ხშირად ასეთი ავადმყოფები მკურნალობენ ანტიბიოტიკებით, მაგრამ უშედეგოდ, რადგან ვირუსული დაავადება ანტიბიოტიკებს არ ემორჩილება; ის მკურნალობის სრულიად სხვა ტაქტიკას – ანტივირუსულ მკურნალობას, იმუნოთერაპიას და ა. შ. – მოითხოვს.
მწვავე და ქრონიკული პროსტატიტი
პროსტატიტი მწვავეც შეიძლება იყოს და ქრონიკულიც. ქრონიკული პროსტატიტი ხშირად არასათანადოდ ნამკურნალევი მწვავე პროსტატიტის შედეგია, თუმცა შესაძლოა, პროცესი იმთავითვე ქვემწვავედ, დუნედ მიედინებოდეს, არ იქცევდეს ყურადღებას და შედეგად დაავადების ქრონიკული ფორმა ჩამოყალიბდეს.
ქრონიკულ პროსტატიტს განაპირობებს მწვავე პროსტატიტის ხშირი რეციდივიც. მწვავე პროსტატიტის რამდენიმე ეპიზოდის გამეორება მეორეულ მორფოლოგიურ ცვლილებებს იწვევს, რასაც საბოლოოდ ქრონიკულ პროსტატიტამდე მივყავართ.
დაავადების გაქრონიკულებას ხელს უწყობს მკურნალობის თვითნებური, ნაადრევი შეწყვეტა, დაწყებული მკურნალობის გაგრძელება არა სპეციალისტის მეთვალყურეობით, არამედ საკუთარი შეხედულებისამებრ.
ქრონიკულ პროსტატიტს ახასიათებს გამწვავების პერიოდები.
პროსტატიტის სიმპტომები
უპირველეს ყოვლისა, გახშირებული და მტკივნეული შარდვა. წინამდებარე ჯირკვლის ანთების დროს მამაკაცი მოშარდვის დასაწყისში და დამთავრებისას მწვავე ტკივილს შეიგრძნობს.
შარდვის პროცესში ეს შეგრძნება ზოგჯერ ასოს თავსაც გადაეცემა. შემაწუხებელი ტკივილი აღინიშნება პროსტატის, შორისისა და კუდუსუნის არეშიც.
ზოგჯერ უკანა ტანში ისეთი შეგრძნება ვითარდება, როგორიც ბუასილის არსებობისას.
ეს იმით აიხსნება, რომ გადიდებული წინამდებარე ჯირკვალი სწორ ნაწლავს აწვება და მის ვენურ სისტემაში შეგუბებითი პროცესის განვითარებას უწყობს ხელს.
მწვავე პროსტატიტის ნიშნები
მწვავე პროსტატიტი, ასევე – ქრონიკული ფორმის გამწვავება ამგვარად ვლინდება:
- წარმოიშობა შარდვასთან დაკავშირებული ჩივილები. ვინაიდან წინამდებარე ჯირკვალი მდებარეობს შარდის ბუშტის ქვეშ, ხოლო ურეთრა გაივლის ამ ჯირკვალს, ამიტომ პროსტატის გადიდების დროს თავს იჩენს შარდვის სხვადასხვა სახის დარღვევა:
- შარდვის დაწყების გაძნელება;
- წყვეტილი შარდვა;
- შარდის სუსტი ნაკადი;
- წვეთ-წვეთად შარდვა;
- შარდის ბუშტის არასრული დაცლის შეგრძნება;
- უნებლიე შარდვა, გახშირებული შარდვა, განსაკუთრებით – ღამის საათებში;
- იძულებითი ჭინთვა მოშარდვის სურვილით და შარდის შეუკავებლობა ამ დროს;
- იმპოტენცია
- ურეთრისა და სწორი ნაწლავის ტკივილი ეაკულაციის დროს;
- სუსტი ერექცია;
- ნაადრევი ეაკულაცია;
- ორგაზმის დაკარგვა (ანორგაზმია);
- ტკივილის შეგრძნება მუცლის ქვედა ნაწილში, საზარდულების არეში, თეძოების ან წელის არეში შიგნიდან ტკივილი;
- ნერვული სისტემის მოშლა (ნერვოზული მდგომარეობა, განპირობებული ავადმყოფის ყურადღების გადატანით თავის მდგომარეობაზე).
ავადმყოფს აღენიშნება ტემპერატურის მომატებაც. სწორი ნაწლავიდან თითით გასინჯვისას გადიდებული ჯირკვალი მტკივნეულია. ცვლილებები აღინიშნება სისხლშიც. ლეიკოციტების რიცხვი და ერითროციტების დალექვის სიჩქარე (ედს-ი) მატულობს. შარდი მუქდება და ლეიკოციტებით ჯერდება.
შესაძლოა, წინამდებარე ჯირკვალზე გაჩნდეს აბსცესი (ჩირქგროვა) და სხვა.
უმეტესად კი დაავადება ფარულად ვითარდება და თანდათან იღებს ქრონიკულ ხასიათს.
ქრონიკული პროსტატიტის ნიშნები
ქრონიკული პროსტატიტის დროს ჩივილები უფრო მრავალფეროვანია, იმპოტენციიდან დაწყებული, ნერვულ-ფსიქიკური მოშლილობით დამთავრებული. ხშირად ასეთი ავადმყოფები წლების მანძილზე მიმართავენ თერაპევტს გაუთავებელი ჩივილებით წელის ტკივილის, დაღლილობის, გულის არეში ტკივილის გამო. შედეგად დაისმის რადიკულიტის, ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონიის, ნევროზის დიაგნოზი და მხოლოდ ექიმის სწორად მიმართული საუბარი გამოავლენს ხოლმე ჩივილის ნამდვილ მიზეზს.
პროსტატიტის გართულებები
ქრონიკული პროსტატიტი რთულდება ვეზიკულიტით – სათესლე ბუშტუკების ანთებით, ეპიდიდიმიტით – სათესლე ჯირკვლის დანამატის ანთებით.
შედეგია უნაყოფობა (წინამდებარე ჯირკვალი ვეღარ გამოიმუშავებს საკმარისი რაოდენობის ხარისხიან სეკრეტს, რომელიც აუცილებელია სპერმატოზოიდის მოძრაობისთვის), იმპოტენცია, ნაადრევი ეაკულაცია (თესლის გამოყოფა). ამიტომ პროსტატიტის დიაგნოსტირება ადრეულ სტადიაშივე აუცილებელია. ამაზე მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული მკურნალობის შედეგი.
პროსტატიტის დიაგნოსტიკა
პროსტატიტის დიაგნოსტიკისთვის მნიშვნელოვანია შარდის სეგმენტური ანალიზი. ეს გამოკვლევა იძლევა შარდში არსებული ცვლილებების გენეზის დადგენის საშუალებას.
განსაკუთრებით მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა მიკროექოსკოპიური გამოკვლევა.
გარდა ამისა, აუცილებელია:
- გამოკვლევა სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებზე;
- რექტალური გამოკვლევა თითით;
- სისხლის ანალიზი პროსტატასპეციფიკურ ანტიგენზე და ბიოფსია (ჩვენებისამებრ) პროსტატის სიმსივნის გამორიცხვის მიზნით და სხვა.
პროსტატიტის მკურნალობა
კვლევის შედეგების მიღების შემდეგ ექიმი უროლოგი შეადგენს მკურნალობის პროგრამას. ეს პროგრამა მოიცავს სამკურნალო ღონისძიებების მთელ სპექტრს.
მკურნალობა კომპლექსურია, შოკტალღოვან თერაპიასთან ერთად გამოიყენება მედიკამენტები, რომლებიც აუმჯობესებენ სისხლძარღვების ტონუსს, ასევე – ზოგადგამაჯანსაღებელი საშუალებები.
პროსტატის ანთების მკურნალობა ტალღოვანი თერაპიით
შტორცის უახლესი, ინოვაციური შოკტალღოვანი თერაპია გამოიყენება სხეულის მტკივნეულ მიდამოებში.
სხეულის გარკვეულ მიდამოზე აპარატის შეხებით, გრძნობთ მსუბუქ ტალღოვან ზეწოლას და სუსტ ჩხვლეტას, რომელიც რამდენიმე წუთი გრძელდება.
პროსტატიტის პროფილაქტიკა
პროსტატიტის პროფილაქტიკა ითვალისწინებს: ფიზიკური აქტივობის გაზრდას, ვარჯიშს, სეირნობას, სირბილს, ცურვას, ჩოგბურთის თამაშს და სხვა; ძილის მართებულ რეჟიმს; სრულფასოვან, მაგრამ დამზოგველ კვებას. რაციონიდან უნდა გამოირიცხოს მწარე, ცხარე, შებოლილი და სანელებლებით შეზავებული კერძები. მკვეთრად უნდა შეიზღუდოს ალკოჰოლის, ლუდისა და გაზიანი სასმელების მიღება.
ერიდეთ გადაცივებას. ეცადეთ, დიდხანს არ დარჩეთ სიცივეში. დაუშვებელია ცივ ზედაპირზე (ცივ ქვაზე, ბორდიურზე) ჯდომა.
რეკომენდებულია რეგულარული სქესობრივი ცხოვრება, რათა შენარჩუნდეს სპერმის მუდმივი ცირკულაცია და წინამდებარე ჯირკვლის აქტიური სისხლმომარაგება, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები პროსტატიტის პროვოცირებას ახდენს, ამიტომ სქესობრივი ცხოვრება უნდა იყოს რეგულარულიც და უსაფრთხოც.
ყურადღება უნდა მიექცეს კუჭ-ნაწლავის რეგულარულ მოქმედებას.
როდის მივმართოთ ექიმს?
თუ სქესობრივი გზით გადამდები დაავადება გაქვთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს, ნუ დაიწყებთ თვითმკურნალობას და ნუ მიუშვებთ დაავადებას ნებაზე. უნდა გახსოვდეთ, რომ მძიმე გართულებების თავიდან ასაცილებლად მისი დროული და საფუძვლიანი მკურნალობაა საჭირო.
გახსოვდეთ: ხშირად პროსტატიტის გამოვლინება უმნიშვნელოა. თუ დროდადრო გაწუხებთ სუსტი ტკივილი შორისის არეში, უსიამოვნო შეგრძნება მოშარდვის ან დეფეკაციის დროს, უმნიშვნელო გამონადენი შარდსადენი არხიდან, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.




