რობოტული ქირურგია სწრაფად ხდება ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე და ეფექტური მეთოდი ქირურგიული ჩარევების დროს. ეს ტექნოლოგია გულისხმობს ქირურგის მიერ სპეციალური რობოტული სისტემის მართვას, რომელიც უზრუნველყოფს ოპერაციების მაღალ სიზუსტეს და მინიმალურ ინვაზიურობას.
რა არის რობოტული ქირურგია?
რობოტული ქირურგია არის პროცედურა, სადაც ქირურგი მართავს სპეციალურ რობოტულ ხელსაწყოებს ოპერაციის დროს.
ყველაზე გავრცელებული სისტემა ამ სფეროში არის “da Vinci” (აშშ) და „Toumai“ (ჩინეთი) რობოტული სისტემა, რომელიც აღჭურვილია მაღალი სიზუსტით და მრავალმხრივი ფუნქციებით. ქირურგს შეუძლია უფრო ზუსტი და კონტროლირებადი მოძრაობები განახორციელოს, რაც ხელს უწყობს ოპერაციის ეფექტურობასა და პაციენტის გამოჯანმრთელებას.
რობოტული ქირურგია თანამედროვე ქირურგიის განვითარების უახლესი საფეხურია. ადრე იყო ღია ქირურგია, მერე შემოვიდა ლაპაროსკოპია და ახლა – რობოტული ლაპაროსკოპია, უფრო კონკრეტულად, ამას ჰქვია რობოტ ასისტირებული ლაპაროსკოპია. ეს ლაპაროსკოპიის განვითარების შემდგომი ეტაპია, რა დროსაც ქირურგი საკუთარი ხელებით კი არ მართავს ინსტრუმენტებს, არამედ ადამიანი-რობოტის ხელების საშუალებით.
2024 წლის 27 თებერვალს, თბილისში, პირველი რობოტული ოპერაცია ჩატარდა, რომელსაც კავკასიასა და საქართველოში ანალოგი არ ჰქონდა.
ქირურგი საოპერაციო მაგიდასთან არ ყოფილა, ის კონსოლიდან მართავდა სისტემას, ხედავდა ქსოვილებს ათჯერ გადიდებით და მოქმედებდა მილიმეტრული სიზუსტით. ამ დღიდან საქართველოს მოქალაქეებს გაუჩნდათ ის შესაძლებლობა, რაც ადრე მხოლოდ ევროპული ან ამერიკული კლინიკების შემთხვევაში იყო ხელმისაწვდომი.
როგორ ტარდება რობოტული ქირურგია?
რობოტული ქირურგიის დროს ქირურგი ზის სპეციალურ მართვის კონსოლთან და უყურებს ოპერაციის არეს 3D მაღალი გარჩევადობის ეკრანზე. რობოტი იმეორებს ქირურგის თითოეულ მოძრაობას სიზუსტით, რომელიც ადამიანის ხელისთვის მიუწვდომელია. ეს ტექნოლოგია განსაკუთრებით სასარგებლოა რთული ოპერაციების დროს, სადაც სიზუსტე გადამწყვეტია – მაგალითად, უროლოგიური ოპერაციების დროს.
ქირურგი კონსოლიდან ყველა მოძრაობას მართავს, რობოტი კი მის ბრძანებას ახორციელებს ისე, როგორც ამას ადამიანის ხელი ვერ შეძლებდა: კანკალის გარეშე, 360-გრადუსიანი ბრუნვით, 3D ხედვით, იქ, სადაც ლაპაროსკოპია ფიზიკურად ვეღარ შეაღწევს.
Toumai-ს სისტემას ემატება ტაქტილური უკუკავშირი – ქირურგი არა მხოლოდ ხედავს, არამედ „გრძნობს” ქსოვილის წინააღმდეგობას. ეს დეტალი პრაქტიკაში გადამწყვეტია: ის ნიშნავს, რომ ყველა ის სტრუქტურა, რომელიც ოპერაციის შემდეგ პაციენტის ცხოვრების ხარისხს განსაზღვრავს, მაქსიმალურად დაცულია.
რამდენად უსაფრთხოა რობოტული ქირურგია?
რობოტული ქირურგია თავის დროზე კოსმოსური ტექნოლოგიებისთვის, დისტანციური ოპერაციებისთვის შეიქმნა. ამ შემთხვევაში რობოტი იმართება პულტიდან, რომელიც შეიძლება იყოს დიდი დაშორებითაც. ეს არის უმაღლესი ტექნოლოგია, რობოტი არა თუ საფრთხეს უქმნის ექიმს, ან პაციენტს, ნებისმიერი პრობლემისას ის მომენტალურად იბლოკება.
მაგ. დავუშვათ ქირურგი ოპერაციისას ცუდად გახდა, ან ინსტრუმენტი გაუვარდა ხელიდან, როგორც კი ის კონსოლიდან თავს გაწევს, ანუ როგორც კი რაიმე უჩვეულო, არანორმალური ხდება, რობოტი მთლიანად იბლოკება. ეს უმაღლესი ტექნოლოგია საფრთხეს კი არ ქმნის, ქირურგს შემთხვევითი მოძრაობებისგან და შეცდომებისგან იცავს.
რობოტული ქირურგიის უპირატესობები
მაღალი სიზუსტე – რობოტული სისტემები საშუალებას აძლევს ქირურგს იმუშაოს უმაღლესი სიზუსტით. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რთულ ოპერაციებში, სადაც მინიმალური დაშვება არის კრიტიკული.
მინიმალური ინვაზიურობა – ღია ოპერაციები ხშირად მოითხოვს დიდ ჭრილობებს, რაც ზრდის ტკივილს და შეხორცების პერიოდს. რობოტული ქირურგია, პირიქით, უზრუნველყოფს მცირე ჭრილობებს, რაც ამცირებს პაციენტის ტკივილს და ინფექციის რისკს.
სწრაფი გამოჯანმრთელება – მცირე ზომის ჭრილობები ნიშნავს, რომ პაციენტებს ნაკლები დრო სჭირდებათ საავადმყოფოში ყოფნისთვის და მათ შეუძლიათ სწრაფად დაუბრუნდნენ ცხოვრების ჩვეულ რიტმს.
ნაკლები სისხლის დანაკარგი – რობოტული ქირურგიის დროს ნაკლები სისხლის დაკარგვა ხდება, რაც ამცირებს ანემიისა და სხვა გართულებების რისკს.
ესთეტიკური უპირატესობები – მცირე ზომის ჭრილობების გამო ნაკლებად აღინიშნება ნაწიბურები, რაც ესთეტიკური თვალსაზრისითაც არის მნიშვნელოვანი.
ხდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ყველა სტრუქტურის (სისხლძარღვები, ნერვები…) შენარჩუნება ისე, რომ პაციენტის ცხოვრების ხარისხი არ გაუარესდეს. მარტო ის ხომ არ არის, ადამიანს ყველაფერი ამოვუღოთ, ჩვენ გვინდა, რომ მას ჰქონდეს ცხოვრების ხარისხი, რის საშუალებასაც რობოტი იძლევა.
რობოტული ქირურგია და ლაპაროსკოპია
ლაპაროსკოპია არის თანამედროვე ქირურგიული მეთოდი, რომლის დროსაც ფართომასშტაბიანი ოპერაციები კეთდება დიდი ჭრილობის გარეშე.
ლაპაროსკოპიული მეთოდის უპირატესობები:
- სწრაფი რეაბილიტაცია,
- მცირე ნაწიბურები,
- ოპერაცია ვიდეო კონტროლის ქვეშ.
თუმცა, ლაპაროსკოპიას აქვს მრავალი უარყოფითი მხარე:
- ხელსაწყოების მოუხერხებლობა
- ქირურგის ერგონომიული პრობლემები
- ქირურგის ხელებისა და თვალების სინქრონული მოქმედების არასრულყოფილება
- დისკომფორტი ქირურგის დახმარების დროს
- ხანგრძლივი სასწავლო პერიოდი ქირურგებისთვის
- ციფრული მეცნიერების თანამედროვე მიღწევების გამოყენების შეუძლებლობა
ჩვეულებრივი ლაპაროსკოპიის პრობლემა თვითონ ინსტრუმენტებშია, რომელთაც არ აქვთ არანაირი მოქნილობა, ორგანიზმში მათ ვერანაირად მართავ. როგორც ჩვენ, ქირურგებს შეგვიძლია სხვადასხვა მიმართულებით ვამოძრაოთ ჩვენი მაჯა და ხელის მტევანი, ასევე მოძრაობს რობოტის ინსტრუმენტი, მას აქვს სახსრები ისევე, როგორც ადამიანის მტევანს და პაციენტის ორგანიზმში ის ჩვენი მიკროსკოპული ხელია.
ეს სახსრები საშუალებას გვაძლევს, რომ მოძრაობები იყოს ისეთივე დახვეწილი, როგორიც აქვს ადამიანის ხელს. რობოტის სახსრიანი ინსტრუმენტები და რობოტის თვალი (ფაქტობრივად, ჩვენი მიკროსკოპული თვალი) ლაპაროსკოპიული ხვრელების საშუალებით თავსდება მუცლის ღრუში, რასაც მართავს ქირურგი.
გარდა ამისა, მას კიდევ ერთი დიდი პლუსი აქვს – ქირურგს აქვს 2 ხელი, რობოტს კი – 4, ანუ ქირურგი გარდა საკუთარი ორი ხელისა, ერთდროულად მართავს 4 ხელს, რომელიც შეყვანილია მუცლის ღრუში. ამ შემთხვევაში რობოტი ქირურგის ინსტრუმენტია, მას ქირურგი მართავს სამართავი კონსოლით და არის, ასე ვთქვათ, მისი ყმა – Master slave, ასე იწოდება ინგლისურად.
რა შემთხვევებში გამოიყენება რობოტული ქირურგია?
ონკოუროლოგია – პროსტატის, თირკმლისა და შარდის ბუშტის სიმსივნეები ძირითადი მიმართულებაა, სადაც რობოტული ქირურგია განსაკუთრებით ეფექტიანია: ონკოლოგიური სიზუსტე და ფუნქციური ორგანოს შენარჩუნება ერთ ოპერაციაში.
ჩვენს კლინიკაში ყველა ტიპის ოპერაცია კეთდება: უროლოგიური, გინეკოლოგიური, მუცლის ღრუს ქირურგია, ნებისმიერი სახის უროლოგია – პროსტატის, შარდის ბუშტის, თირკმლის, ონკოლოგიური ოპერაციები, ქალებში შარდოვანი ფისტულების აღდგენა, შარდის შეუკავებლობა, რომელიც შარდის ბუშტის დაწევითაა განპირობებული, შარდსაწვეთის რეინპლანტაცია, პლასტიკები, თირკმლის სიმსივნე, თირკმლის ნაწილობრივი ლიკვიდაცია, პროსტატის სიმსივნის ოპერაციები ისე, რომ მამაკაცს პოტენცია შეუნარჩუნდეს და არ ჰქონდეს შარდის შეუკავებლობა, შარდის ბუშტის სიმსივნეები და სხვა.
ჩვენ უროლოგიიდან იმიტომ დავიწყეთ, რომ ზოგადად, მსოფლიოში რობოტული ქირურგია უროლოგებმა დაიწყეს, ვინაიდან უროლოგიაში არის გარკვეული ტიპის რთული ოპერაციები და ასეთ სიტუაციებში შეუცვლელია რობოტები. მთელი უროლოგია, ჩვენი გუნდი გადასულია რობოტულ ქირურგიაზე.
განსაკუთრებით საყურადღებოა ხელოვნური შარდის ბუშტის შექმნა – ოპერაცია, სადაც ნაწლავის ფრაგმენტისგან სხეულის შიგნით, ყოველგვარი გარე განაკვეთის გარეშე, ახალი ორგანო ყალიბდება.
პროსტატის ლიკვიდაციის ოპერაცია ძალიან რთულია იმ მხრივ, რომ პროსტატის ლოკაცია ღრმაა, მის გარშემოა სისხლძარღვები, ნერვები, ძვლოვანი სტრუქტურები, ნაწლავები, მოკლედ, ძალზე ფაქიზი ოპერაციაა.
ამასთან, ტარდება თირკმლის შემანარჩუნებელი ოპერაციები, გინეკოლოგიური ჩარევები საშვილოსნოს ყელის კიბოსა და მიომების დროს, კოლორექტალური ქირურგია – ყველა ის მიმართულება, სადაც სიზუსტესა და მინიმალურ ტრავმას პაციენტის მომავლის ხარისხზე უდიდესი გავლენა აქვს.
რობოტული ქირურგიის მომავალი
რობოტული ქირურგია დღეს უკვე გავრცელდა ნეიროქირურგიაში და კარდიოქირურგიაშიც კი, გამოდის ახალ-ახალი სახის რობოტები, ეს არის დაუშრეტელი მიმართულება და ჩვენ, როგორც რობოტული ცენტრი, ვაპირებთ, რომ ფეხდაფეხ მივყვეთ ამ ტექნოლოგიების განვითარებას თანამედროვე მედიცინაში.
რობოტული ქირურგია წარმოადგენს თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ტექნოლოგიურ მიღწევას. მისი სიზუსტე, უსაფრთხოება და პაციენტისთვის სასარგებლო შედეგები ამტკიცებს, რომ ეს მეთოდი მომავლის ქირურგიის მნიშვნელოვანი ნაწილია. რობოტული სისტემების გამოყენება ექიმებს საშუალებას აძლევს, რომ ოპერაციები ჩაატარონ უფრო მაღალ დონეზე, რაც ზრდის წარმატების შანსებს და ამცირებს გართულებების რისკებს.
ეს ტექნოლოგია წარმოადგენს მედიცინის იმ ნაწილს, რომელიც მუდმივად ვითარდება და მრავალი პაციენტისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია სწრაფი გამოჯანმრთელებისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების დროს.




